თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ანტიკორუფციული სააგენტო.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დეპუტატმა დაარწმუნა ერთ-ერთი მოქალაქე, რომ კავშირი აქვს თბილისის მერიასთან და მოაგვარებს დედაქალაქში მიწის ნაკვეთის კოეფიციენტის გაზრდის საკითხს. ამ საქმის მოსაგვარებლად მან 140 ათასი დოლარი მოითხოვა.
ეჭვმიტანილი 29 ივნისს დააკავეს, როდესაც ის თანხის ნაწილს – 30 ათას დოლარს იღებდა.
გამოძიებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. სასჯელი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.