თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა

© photo: Tamar Zhvania / FBთამარ ჟვანია
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
თამარ ჟვანია აღნიშნავს, რომ პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, ასევე არ აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. განცხადება ჟვანიამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს ახალი თავმჯდომარე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც, თავის მხრივ, წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

მან განმარტა, რომ კიდევ ორი წელი შეეძლო ამ თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახალი რეალობიდან გამომდინარე მიიღო.

„მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის", – დაწერა ჟვანიამ.

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მის თანამშრომლებს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. მან ასევე თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა სამოქალაქო სექტორს, მასმედიას და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ საარჩევნო პროცესში.

თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს?

ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ვრცელი განცხადების შემდეგ მასმედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებს. ამასთან, ის არ აპირებს სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას და მისი სამომავლო გეგმები საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას უკავშირდება.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ოპოზიცია განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა, რადგან ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში სდებს ბრალს.

ყველა ახალი ამბავი
0