თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ამპარტავნულად, ქედმაღლურად ურთიერთობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობასთან პირდაპირი ხაზის დროს.
„[აშშ-ს] ასეთი დამოკიდებულება მარტო ჩვენ მიმართ კი არა, მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართაც კი აქვს. თქვენ გგონიათ, მათ უხარიათ. რომ ასე ამპარტავნულად (через губу) ესაუბრებიან? ეს არავის მოსწონს“, — აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ურთიერთობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნორმალურ ჩარჩოებში მოექცევა. და იქვე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ გადადგამს აშშ-ის მიერ „წითელი ხაზების“ დარღვევებზე საპასუხოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მას ზიანს მიაყენებს.
ვლადიმირ პუტინის განცხადებები აშშ-თან დაკავშირებით უკვე შეაფასეს რუსეთში. როგორც საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტმა ვლადიმირ ბატიუკმა აღნიშნა, პუტინის ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი თავისი ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას აპირებს.
რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობასთან პირდაპირი ხაზით 2001 წლის ბოლოდან ურთიერთობს, რა დროსაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. მას შემდეგ ამ ფორმატის ონლაინ-ტრანსლაციები ყოველწლიურად გადაიცემოდა, გარდა 2004 და 2012 წლებისა.
სტატისტიკის თანახმად, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის სახელზე საშუალოდ რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე შეკითხვა შედის. პირდაპირი ჩართვების დრო, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული არ არის. პირველი ხუთი ასეთი ეთერი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ 2007 წლის შემდეგ პროგრამა ყოველთვის სცდებოდა ოთხსაათიან ზღვარს. ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა 2013 წლის პირდაპირი ხაზი, რომელიც 4 საათი და 47 წუთი გრძელდებოდა.