თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლაზე წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა და არც იგეგმება მიღება, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა საქართველო რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის წესების გამკაცრებას, როგორც ეს ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთა რუსეთში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, გამყრელიძემ უპასუხა, რომ მიმოსვლა რუსეთთან ისედაც შეზღუდულია.
რუსეთთან მიმოსვლა ისედაც შეზღუდულია და ეს შეზღუდვები თავად რუსულმა მხარემ დააწესა, ამიტომ მიმოსვლა მინიმალურია, აღნიშნა გამყრელიძემ. რუსეთიდან ძირითადად საჰაერო გზით, მესამე ქვეყნების გავლით ჩამოდიან. გამყრელიძის განცხადებით, ისინი უნდა იყვნენ ორჯერადად ვაქცინირებული და ჰქონდეთ უარყოფითი PCR-ტესტი.
ამასთან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებში.
მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს კორონავირუსი საზღვრის გადმოკვეთისას დაუდასტურდა, ზოგიერთ მათგანს კი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ.
გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ივლისში კორონავირუსის ოთხი სახის ვაქცინა იქნება - Sinovac, Sinopharm, Pfizer და AstraZeneca
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.194-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 365.068-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.297-ს მიაღწია.