თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთში პესტიციდების გამოყენების წესების დაცვის მექანიზმების და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტების იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, იუწყება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.
2021 წლის 29 ივლისიდან ძალაში შევიდა 2020 წლის ბოლოს მიღებული ფედერალური კანონი, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების კუთხით სახელმწიფო ზედამხედველობის სრულყოფას ისახავს მიზნად. „როსსელხოზნადზორი“ რუსეთში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეტანაზე კონტროლს სახელმწიფო საზღვარზე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იწყებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ატმის, ვაშლატამას და მოცვის ექსპორტი საქართველოდან შეუფერხებლად მიმდინარეობს.
თითქმის მთლიანი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა რუსეთი. მაგალითად, 2020 წლის სეზონზე საქართველოდან დაახლოებით 23,4 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული. მთლიანი რაოდენობის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. ხოლო მიმდინარე წლის 1 მაისიდან 27 ივნისამდე საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 1,6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, საიდანაც 938 ტონა გატანილია რუსეთში.
„ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
„როსელხოზნადზორი“ ინსპექციის ფარგლებში შეამოწმებს, როგორ არის დაცული პესტიციდების და აგროქიმიკატების გამოყენების მოთხოვნები იმ მცენარეული პროდუქტების წარმოების ადგილებში, რომლებიც განკუთვნილია რუსეთის ფედერაციაში შესატანად იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან EAEU-ს (ევრაზიული ეკონომიკური კავშირი) წევრები.
რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ახალი უფლებამოსილებები გაზრდის მცენარეული პროდუქტების მწარმოებლებისა და იმპორტიორების პასუხისმგებლობას, ასევე აღმოფხვრის არაკეთილსინდისიერ კონკურენციას იმ მეწარმეების მხრიდან, ვინც მოსავლიანობის გასაზრდელად დიდი დოზით სასუქებს იყენებს.