თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
რომელი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იფრენენ საქართველოში>>
1 ივლისიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს ექვსი მიმართულებით: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.
„პანდემიის გამო ავიაკომპანიას მოუხდა ბორტების გადაყვანა მთავარ ბაზაზე ბუდაპეშტში, მაგრამ ახლა უკვე, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ბაზის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს იმას, რომ ბაზაზე არის მიბმული საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ადგილზე", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
როგორც არჩუაძე განმარტავს, ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. პირობითად, მილანის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება ქუთაისიდან და დასრულდება ქუთაისში.
„ბაზის არსებობის დროს ტექნიკურად უფრო მარტივი და მოქნილი ხდება თანამშრომლობა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. ავიაკომპანია აეროპორტის სერვისებზე შეღავათებით სარგებლობს, სახელმწიფო კი ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს", - აღნიშნა თამარ არჩუაძემ
ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. დღეისათვის მათი უმეტესობა დისლოცირებულია საზღვარგარეთ.
„ისინი შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას და აქედან თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.
ქვეყანაში რეგულარული ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგა.