თბილისი, 30 მაისი - Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air ივნისიდან რეგულარულ ავიარეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი მიმართულებით განაახლებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს მონაცემებით, კომპანიის თვითმფრინავები ქუთაისიდან ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით იფრენენ.
რეისი ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტი 19 ივნისიდან განახლდება, ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავი - 26 ივნისიდან, ხოლო ვენა-ქუთაისი-ვენა - 29 ივნისიდან.
ყველა რეისი კვირაში ორჯერ შესრულდება.
ქვეყანაში რეგულარული ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.