თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა, ნათქვამია საქართველო აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.
პირველი რეგულარული ფრენა წუხელ ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით განხორციელდა. რეისი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ეს ქუთაისის განახლებული აეროპორტისთვის პირველი პირდაპირი რეგულარული რეისია.
განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, პირველი რეისის მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ქუთაისის აეროპორტი განახლდა, დასრულდა ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები და დღეიდან ის უკვე მგზავრებს მასპინძლობს. ტერმინალი ოთხჯერ გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.
Wizz Air-მა რეგულარული რეისები ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლა, მაისიდან კი ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. ივნისიდან კი Wizz Air-ი ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.
ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს. აქთაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ქუთაისის აეროპორტში განახორციელებს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.