თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობა" მანუჩარ კვირკველია ოპოზიციის კვოტით ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
კვირკველია ამ თანამდებობაზე ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წარადგინა. მას ხმა კომიტეტის ყველა წევრმა მისცა.
კომისიის თავმჯდომარემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრების მოსმენა. მისი თქმით, ისინი მოხარული იქნებიან მანუჩარ კვირკველიასთან თანამშრომლობით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანუჩარ კვირკველია მაჟორიტარი კანდიდატი იყო გურიაში ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია". მან წააგო „ქართული ოცნების" კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძესთან და პარლამენტში პარტიული სიით შევიდა.