საქართველოში ახალი პოლიტიკური კრიზისი მწიფდება: ოპოზიცია შეტევას იწყებს

© Sputnik / STRINGERოპოზიციის საპროტესტო აქცია
ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
საქართველოში მორიგი პოლიტიკური კრიზისის საბაბად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი გახდა.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი შესაძლოა ქვეყანაში მორიგი პოლიტიკური კრიზისის საბაბად იქცეს - ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის დატოვებით იმუქრება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კვირის დასაწყისში პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა, რამაც ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.

იუსტიციის საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
საქართველოში მოსამართლეთა შერჩევა კვლავ სკანდალის მიზეზი გახდა

მან საბჭოს ქმედებები ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით შედგენილი შეთანხმების დარღვევად მიიჩნია. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციამ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდა.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მოსამართლეები დაინიშნებიან.

„საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს, მიიღებს მათი დანიშვნის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, დასძინა, რომ პარლამენტი ვალდებულია იმოქმედოს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად.

მეტიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლეთა დანიშვნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას, სინამდვილეს არ შეესაბამება და პარლამენტი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის ულტიმატუმი

მმართველი პარტიის განცხადებამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია და ულტიმატუმის ენით აალაპარაკა.

პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
საარჩევნო რეფორმა: რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატები

„ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადება, რომ აპირებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის ხელმოწერილი შეთანხმების უხეში დარღვევა. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა“, – აღნიშნა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პარტია დატოვებს პარლამენტს, თუ მოსამართლეები დაინიშნებიან. ხაზარაძემ სხვა პარტიებსაც მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის ამ განცხადებას.

დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც უკვე დაფიქრდნენ ხაზარაძის ინიციატივაზე.

„ეს საკითხი პარტიამ უნდა გადაწყვიტოს. ხაზარაძის გამოსვლა დროული იყო. მათთვის, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, ეს მნიშვნელოვანია. „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ოპოზიცია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა. მის პარტიას „ოცნებასთან“ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია და პარლამენტში დამოუკიდებლად შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მმართველ პარტიაზე ზეწოლის აუცილებლობაზე საუბრობს „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია.

„ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საერთო სტრატეგია და ერთად გავუწიოთ დიდი წინააღმდეგობა ხელისუფლების გეგმების განხორციელებას“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

თუმცა აქვე ხაზი გაუსვა, რომ გაქცევა - შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი არ არის.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი გამოსავალი არა პარლამენტის ბოიკოტში, არამედ ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერაში დაინახა.

„კობახიძე ყოველთვის არის შეთანხმების მთავარი დამრღვევი, ვფიქრობ, ასე თუ გააგრძელა, შესაძლოა, აღმოჩნდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქციები დაედება“, - აღნიშნა ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ პასუხი

მმართველ პარტიაში ხაზარაძის ულტიმატუმი და ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის მუქარა მეტად ნეგატიურად შეაფასეს.

„ეს რადიკალური ბანაკი პოლიტიკური შანტაჟის გზით ცდილობს პარლამენტის მუშაობის პროცესის ბლოკირებას“, - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციასაც აქვს აღებული თავის თავზე შეთანხმების შესრულების პასუხისმგებლობა და ის ვალდებულია პარლამენტში იმუშაოს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ის შეთანხმებას ასრულებს.

პრესტიჟის საქმე

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე ფიქრობს, რომ მმართველი პარტია არასდროს წავა კომპრომისზე სასამართლო რეფორმის საკითხებში, რადგან მისთვის ეს პრესტიჟის საქმეა.

არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე? საქმე არც ისე მარტივადაა

„არის გარკვეული რეფორმები, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე მიუთითებენ და პრესტიჟის საკითხს წარმოადგენენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებში არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ, დაასრულონ ეს პროცესი და ყველას აჩვენონ, რომ მათ ის დაასრულეს, რომ სისტემა მუშაობს და რომ ეს რეკომენდაციები თავის დროზე დასავლელმა პარტნიორებმა გასცეს“, - განაცხადა სიხარულიძემ რადიო Sputnik-საქართველოს ეთერში.

სასამართლო რეფორმა ოპოზიციასთან უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ოპოზიციის მტკიცებით, საქართველოში სასამართლოებს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად დამოუკიდებელია.

საქართველოში სასამართლო სისტემა - ის სფეროა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნის პარტნიორები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმების ჩატარებისკენ. ხელისუფლებამ რეფორმა გაატარა, მაგრამ რეკომენდაციების იგნორირების გამო მაინც კრიტიკის ობიექტად დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0