თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც შემთხვევითმა გამვლელმა ქალაქ კენტის ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები იპოვა, იუწყება Sky News სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, 50 გვერდის მოცულობის კონფიდენციალური საბუთები, რომელთა შორის ასევე იყო განსაკუთრებით გასაიდუმლოებული დოკუმენტი წარწერით Secret UK Eyes Only, შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის გეგმების შესახებ ავღანეთში და ასევე ყირიმის მახლობლად ბრიტანული სამხედრო ხომალდი Defender-ის გადაადგილების თაობაზე. დოკუმენტები გამვლელმა 22 ივნისს იპოვა — ყირიმის მახლობლად Defender-ის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე.
„კურსი შეგნებულად შეირჩა“: BBC-ს თვითმხილველმა ჟურნალისტმა შავი ზღვის ინციდენტი აღწერა>>
არსებული ცნობით, სახელმწიფო მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ დასახელდა, დოკუმენტების დაკარგვის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს დროულად აცნობა, თუმცა ვერ დაასახელა შესაძლო ადგილი, სადაც საიდუმლო საბუთები შეიძლებოდა დაეკარგა.
„დეპარტამენტი უკიდურესად სერიოზულად ეკიდება ინფორმაციის დაცვას და გამოძიება დაწყებულია. შესაბამისმა თანამშრომელმა დროულად გვაცნობა დანაკარგის თაობაზე. შემდგომი ნაბიჯების კომენტირება მიზანშეწონილი არ არის“, — ნათქვამია უწყების Twitter-გვერდზე.
23 ივნისს ხომალდ Defender-ს ინციდენტი შეემთხვა ყირიმის მახლობლად, ფიოლენტის კონცხთან. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. აღნიშნულ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა Defender-ს.