Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ელისე წინასწარმეტყველი
ელისე იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX საუკუნეში. ელისე იყო აბელ-მეოლას საფატის შვილი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე მას შემდგომ, რაც უფალმა ელია ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცად, ელისე გახდა წინასწარმეტყველთა ვაჟების წინამძღოლი. უფლისადმი უზომო სიყვარულითა და სათნოებით მან მალევე გაითქვა სახელი ისრაელში. 60 წლის მანძილზე (ჩვ. წ-მდე 892-832 წწ.) იგი ატარებდა ”ისრაელის წინასწარმეტყველის” ტიტულს, უშიშრად ამხელდა ისრაელის მეფეების: აქაბის და იოსიას უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას.
მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
წმიდა მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო.
ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა, პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდო და მწყემსმთავრად ხატმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815-822) დაადგინა.
ლეონ სომეხის სიკვდილის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და ხუცესის ხარისხში დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებელთა წინააღმდეგ.
იმპერატორმა თეოფილე (829-842) არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, წმიდა მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, ის ამტკიცებდა, „კერპთაყვანისმცემლის“ (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის დამსაჯაო ღმერთმა.
წმიდა მეთოდე კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს და ორ ავაზაკთან ერთად ღრმა გამოქვაბულში გამოამწყვდიეს. ამ ბნელ მღვიმეში, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევდა, 7 წელი, იმპერატორ თეოფილეს აღსასრულამდე, იტანჯებოდა ნეტარი მამა.
თეოფილეს შემდეგ მისი ძე, მიხეილ III (842-867) გამეფდა, მაგრამ ტახტის მემკვიდრის არასრულწლოვანების გამო ქვეყანას, ფაქტიურად, მისი დედა, ხატთაყვანისმცემელი დედოფალი თეოდორა განაგებდა. მან გაანთავისუფლა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დატყვევებული ქრისტიანები, განდევნა ერეტიკოსი პატრიარქი ანიუსი, მის ნაცვლად კი წმიდა მეთოდე აირჩიეს.
842 წელს, კონსტანტინეპოლში მეთოდეს თავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა და დაადგინა, ყოველწლიურად აღენიშნათ მართლმადიდებლობის ზეიმი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.