Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი
ანთიმოზ ივერიელი 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. მშობლებმა მას ანდრია დაარქვეს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ერისკაცობის დროინდელი ცნობები სამწუხაროდ ძალიან მწირია. 16(სხვა ცნობით 24) წლის ანდრია თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს, სადაც იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა შეიძინა. პატრიარქთან ანდრიამ 23 წელი გაატარა და სავარაუდოდ აქვე ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი – ანთიმოზი.
საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. მოკლე ხანში აითვისა საღმვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა, ხელოვნება.
40 წლის სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ანთიმოზი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ, რუმინელთა დიდმა მოღვაწემ, სტამბოლიდან ბუქარესტში წაიყვანა.
რუმინეთში 25 წლიანი მოღვაწეობისას ანთიმოზ ივერიელმა დააარსა 4 სტამბა და დაბეჭდა 64 წიგნი. მისი უშუალო ხელშეწყობით სტამბა დაარსდა ალეპოშიც (სირია).
წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო.
განუზომელია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც. მან ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. აახლა ასოთამწყობი მიხაილ იშტვანოვიჩი, შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და მალე პირველი წიგნიც დაიბეჭდა. ეს იყო „სახარება”.
როდესაც თურქეთ-ავსტრიის ომი დაიწყო, ანთიმოზმა ანტითურქული პოზოცია დაიკავა და გარშემო ვლახელ ბოიართა ჯგუფი შემოიკრიბა. მათი მიზანი იყო, ვლახეთი როგორც თურქთა, ისე ფანარიოტთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინათ. ანთიმოზი სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე, თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს.
წმიდა მოწამე აკვილინა
წმიდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიელთა ოჯახში იზრდებოდა. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს 12 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა.
წმიდა ტრიფილე , კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი
წმიდა ტრიფილე ლევკუსიის ეპისკოპოსი კონსტანტინეპოლში დაიბადა, განათლება კი ბირითში (ბეირუთი, სირია) მიიღო. ღრმად განსწავლულმა და საოცარი მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე წმიდანმა მოძღვრად თავმდაბალი და სიწმიდით გამორჩეული მოღვაწე- სპირიდონ ტრიმიფუნტელი (+348)აირჩია
ტრიფილეს კვიპროსის ქალაქ ლევკუსიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. ის ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს, გამოირჩეოდა გულმოწყალებით, სიმშვიდით, მართლმადიდებლური რწმენის სიმტკიცით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით და მრავალი სხვა სათნოებით.
დედისგან ნაანდერძევი ქონებით წმიდანმა ლევკუსიაში მონასტერი ააგო, გარდაიცვალა ღრმად მოხუცი, დაახლოებით 370 წელს.
წმიდა მოწამე ანტონინა
წმიდა მოწამე ანტონინა (III-IV) ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმილიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.
ღირსი ანა და ძე მისი იოანე
ღირსი ანა და ძე მისი, იოანე, ბიზანტიაში ცხოვრობდნენ. ანა კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრის ასული იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ძესთან, წმიდა იოანესთან ერთად, ევფემიანეს სახელით, მამათა ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა, ოლიმპოს მახლობლად. ღირსი ანა კონსტანტინეპოლში მიიცვალა 826 წელს. მისი ხსენება აღინიშნება ორჯერ: 14 ივნისს და 29 ოქტომბერს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.