ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)
ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც „ღირს არს» ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო განსაკუთრებითაა განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“.
საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.
მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყვალ ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს.მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას „ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს.
მთავარანგელოსის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი.
პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.
საეკლესიო კალენდარში 2019 წლის 24 ივნისი ასევე არის მოციქულთა: ბართლომესა და ბარნაბას ხსენების დღეც.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმინდა მოციქული ბართლომე
ბართლომე გალილეის კანადან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმინდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი.
ქალაქ იეროპოლში წარმართი ქურუმების დასმენით მოციქულები დაიჭირეს და დილეგში დაამწყვდიეს. შემდგომ უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს ხოლო ბართლომე გვერდულად. წამების დროს უეცრად საშინლი მიწისძვრა მოხდა. შეშინებულმა მოსახლეობამ სცადა მოციქულების განთავისუფლება. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. მალე ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი. მარიამმა ღვთის სიტყვა იქადაგა ლიკაონიაში, სადაც მშვიდობით აღესრულა ხოლო ბართლომე მოციქული ინდოეთშიშემდეგ კი სომხეთში გაარგძელა ქადაგება. სომხეთში მეფე პოლიმიოსის ეშმაკეულიასულიც განკურნა. მადლიერმა მეფემ რა იხილა უფლის სასწაული მოინათლა დედოფალთან, ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად. იხილეს რა ეს წარმართმა ქურუმებმა მეფის ძმას შთააგონეს რომ მოციქული მოეკლა. ასტიაგმა მართლაც შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ჯერ თავდაღმა აცვეს ჯვარს შემდეგ კი ტყავი გააძრეს და ბოლოს თავი მოკვეთეს. ეს მოხდა 71 წელს.
წმიდა მოციქული ბარნაბა
ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა იგი სასწავლებლად იერუსალიმში გაგზავნეს და იმ დროისთვის ცნობილ რჯულის მეცნიერ გამალიელს მიაბარეს აღსაზრდელად. წმინდანთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა სავლე (შემდგომში მოციქული პავლე). ქრისტეს მოციქულებმა იოსებს ბარნაბა დაარქვეს, რაც ებრაულად „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. ბარნაბა იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები და მიღებული საზღაური მოციქულთა ფერხთით დადო .
ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა;
მოციქულმა ბარნაბამ დააფუძნა საეპისკოპოსო კათედრა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კი კვლავ კვიპროსს დაუბრუნდა. გამძვინვარებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო გაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადო გულზე.
ბარნაბა ქრისტეს აქეთ, დაახლოებით, 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით