თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კალათბურთელ გიორგი შერმადინს უმასპინძლა და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება მიულოცა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ესპანეთის ჩემპიონატის 2020 წლის საუკეთესო კალათბურთელად „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი 7 იანვარს დასახელდა. გასული წლის შედეგები ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეაჯამა.
„საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და „ტენერიფე ლენოვოს“ მოთამაშემ გიორგი შერმადინმა ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის - ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა. ლიგა ენდესას სეზონის MVP-ისთვის დამზადებული თასი 32 წლის მოთამაშეს გადაეცა, რაც ქართული კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის უდიდესი აღიარება გახლავთ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც წულუკიანმა კალათბურთელთან შეხვედრაზე აღნიშნა, შერმადინი მსოფლიოში ქართულ კალათბურთს და საქართველოს წარმოადგენს, ამიტომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს სპორტსმენს ხელი.
„ჩვენს ხელს შევუწყობთ შერმადინს იმ რთულ გზაზე, რომელიც მოფენილი უნდა იყოს კიდევ ბევრი და დიდი წარმატებით. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვისაც, რომ მომავალშიც გვყავდეს ასეთი დიდი კალათბურთელები“, - განაცხადა წულიკიანმა.
თავის მხრივ, გიორგი შერმადინმა მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს დაფასებისთვის და ყურადღებისთვის.
„ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო მოვიპოვეთ ესპანეთში. დიდი მადლობა ჩვენს ქართველ გულშემატკივრებს, ვინც ასე დაგვიდგა გვერდში“, - განაცხადა შერმადინმა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინი ესპანეთის ლიგაში 2017 წელსაც საუკეთესოდ დასახელდა, 2018 წელს კი პირველობა კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ერგო. შენგელია იმ პერიოდში ესპანური „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა, ახლა კი მოსკოვის „ცსკა“-ში ირჯება.
გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი.