თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მეზღვაურების განათლების გაუმჯობესებაზე, რათა მათ დასაქმება უფრო მარტივად შეძლონ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
ბათუმში მეზღვაურის დღე ტრადიციული მსვლელობით და ორკესტრით აღნიშნეს.
„ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ საზღვაო განათლება იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომ ქართველი მეზღვაურები უფრო მარტივად საქმდებოდნენ რაც შეიძლება მეტ გემზე მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მეზღვაურებს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვთ. მისი თქმით, მათი წყალობით საქართველო 300 მლნ დოლარის შემოსავალს იღებს.
საქართველოში დღეისათვის ფუნქციონირებს ხუთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს პროფესიონალებს, რომელთა შემდგომი მუშაობა უშუალოდ ზღვას უკავშირდება.
საზღვაო განათლება სამ ეტაპს მოიცავს და ყოველ ორ წელიწადში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სასწავლო პროგრამებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე ამოწმებს. ამასთან თავად მეზღვაურები ყოველ ხუთ წელიწადს გადამზადების სავალდებულო კურსს გადიან.