თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ტურნეს დასასრულს შეხვედრები საქართველოში გამართეს.
ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ საქართველოში თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.
ევროპელმა მინისტრებმა ღარიბაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის შესრულებისთვის, როდესაც ივნისის დასაწყისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე დაუბრუნა, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.
„ამ ტურით ჩვენ გამოვხატეთ ევროპული სოლიდარობა და ჩართულობა, ასევე გამოვხატეთ ევროკავშირის ერთგულება, რომ ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს კონფლიქტურ რაიონებში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს ევროკავშირის, როგორც მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რათა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მიღწეული იყოს ხელშესახები შედეგები.
გარდა ამისა, მხარეებმა არ გამორიცხეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სპეციალური ფორმატის შექმნა.
ამავე დროს მინისტრებმა აღნიშნეს, რომ აფასებენ საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, მაგრამ ხაზი გაუსვეს ქვეყანაში გარკვეული რეფორმების ჩატარების აუცილებლობას.