თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. კრიმინალ ავტორიტეტს ვატო ყიფიანს, რომელსაც მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 25 ივნისს ღამით დააკავეს.
ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს ჩაინიშნა.
ყიფიანს საქართველოში 2019 წელს მომხდარი მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად. მაშინ მანქანა აუფეთქეს ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს, რომლებიც კრიმინალურ სამყაროში თავიანთი კავშირებით არიან ცნობილები.
მკვლელობის აღკვეთისა და ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ სუსმა 2020 წლის იანვარში განაცხადა. საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, მსჯავრდებულია ექვსი ადამიანი, მაგრამ დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით გამოძიება აქამდე გრძელდებოდა.
სუსის მონაცემებით, ძმების მკვლელობის ორგანიზატორები იყო საქართველოს და უკრაინის კრიმინალური წრეების სამი წარმომადგენელი. დანაშაული 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ უკრაინის მოქალაქეს უნდა ჩაედინა. ადგილზე უკრაინის მოქალაქემ ქართველი თანამზრახველებისგან იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის სახარჯო ფული მიიღო. პოტენციური „ქილერი“ ხარკოვში დააკავეს.
ვატო ყიფიანის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.