„ვირუსი იმაზე სწრაფად განიცდის მუტაციას, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თავდაპირველი ვირუსები ვერ ახერხებდნენ ჩვენი იმუნური ბარიერების გადალახვას. კი, ისინი იყო პათოგენური, იწვევდნენ სერიოზულ პოსტკოვიდურ სინდრომებს, მაგრამ მოსახლეობის დაახლოებით 30% დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტის დროსაც კი არ ინფიცირდებოდა. ვირუსს ეს არ მოეწონა და გადაწყვიტა შეეცვალა თვისებები და ჩვენთან ადაპტირება დაეწყო“, − განაცხადა სააგენტო Sputnik-თან საუბრისას ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, სამედიცინო ცენტრ „ლიდერ-მედიცინის“ მთავარმა ექიმმა ევგენი ტიმაკოვმა.
მისი თქმით, უჰანის ტიპის კორონავირუსმა სახეცვლილება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავიდან ეს უფრო საშიში და აგრესიული „ბრიტანული შტამი“ იყო, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ვირუსი ხელსაყრელ გარემოში მოხვდა, შემდეგ კი ყველა ქვეყანაში თავისი მუტაციები დაიწყო.
„ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი მუტაციები გამოვლინდა რუსეთშიც − გაჩნდა ციმბირული და ჩრდილო-დასავლური შტამები, მაგრამ ისინი შემდგომში აღარ გავრცელებულა, ვინაიდან არც ისე პათოგენური აღმოჩნდა. აი, ის შტამები კი, რომლებიც თბილ ქვეყნებში გაჩნდა − ბრაზილიური, სამხრეთაფრიკული, ინდური − იმდენად შეიცვალა, რომ ძალიან სახიფათოები გახდნენ. ახლა ყველაზე პათოგენური შტამი ინდურია, რომელმაც უკვე ხუთი მუტაცია განიცადა“, − ამბობს ინფექციონისტი.
ყველაზე საშინელი, ტიმაკოვის თქმით, ისაა, რომ „ინდურმა შტამმა“ ადამიანის იმუნური ბარიერების გადალახვა დაიწყო, ის იმუნიტეტისგან ინიღბება და დაავადების კლინიკურ სურათს ცვლის. ვირუსი ჩვეულებრივ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებად „იკატუნებს თავს“, მაგრამ უფრო სერიოზულ პროცესებს იწვევს.
კითხვაზე, როგორც შეიძლება შევაჩეროთ ეს, ტიმაკოვი ამბობს, რომ ამოცანა ეს კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ არ მივიღოთ კიდევ უფრო სერიოზული შტამი, რომელიც ისედაც მოუმზადებელ იმუნურ ბარიერებს გადალახავს ხალხმრავალ ადგილებში და მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში.
„ეს კი დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ იმუნიტეტი კორონავირუსული ინფექციის მიმართ, მაგრამ ვირუსმა შეძლო გვერდი აევლო იმუნიტეტისთვის და დაესნებოვნებინა ისინი. ჩვენ ვხედავთ, რომ ინდოეთში, დელტა-შტამის გარდა, გაჩნდა შტამი დელტა+, რომელიც კიდევ უფრო აქტიურია. საკითხი ახლა ის კი არაა, როგორ დავიცვათ თავი მისგან, არამედ ის, თუ როგორ დავასრულოთ ეს პანდემია, რათა მრავალი წლის განმავლობაში შიშში არ ვიცხოვროთ. ამისათვის ადამიანის ორგანიზმში აქტიური ვირუსგამანეიტრალებელი ანტისხეულები უნდა იყოს ფორმირებული“, − დარწმუნებულია ექიმი.
ტიმაკოვის თქმით, იმისათვის, რომ COVID-19-ის „ინდური შტამი“ არ შეგხვდეთ, ორგანიზმში ნორმაზე ხუთჯერ მეტი ანტისხეულები უნდა გქონდეთ. ამასთან საჭირო არ არის, დაელოდოთ, როდის დაიწყებს კლებას ანტისხეულები − აცრა მანამდე უნდა გაკეთდეს.
ექიმის განმარტებით, აცრა მაშინაც შეიძლება, როცა ორგანიზმში დიდი რაოდენობით ანტისხეულებია. ყველა ქვეყანასა და ყველა პლატფორმაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სრულიად უსაფრთხოა.
ევგენი ტიმაკოვმა ცალკე გამოყო, რომ „სპუტნიკ V“ ძალიან ეფექტური პრეპარატია, ის ანტისხეულებს იმაზე ბევრად დიდი რაოდენობით წარმოქმნის, ვიდრე გადატანილი ინფექცია.
„არა მარტო „სპუტნიკი“, არამედ ყველა ვაქცინა და პლატფორმა იმაზე 1,3-1,5-ჯერ მეტ ვირუსგამანეიტრალებელ ანტისხეულს წარმოქმნის, ვიდრე ინფექციაგადატანილი ორგანიზმი. ვაქცინა ორგანიზმზე ბევრად ეფექტურად მოქმედებს, − აღნიშნა სპეციალისტმა. − საშიშია არა მარტო დაავადების გადატანა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება, არამედ საშიშია პოსტკოვიდური სინდრომიც. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის ის უკვე თითქმის ყოველ მეორე აქვს ამა თუ იმ ფორმით. ის გავლენას ახდენს სისხლზე, სისხლის უჯრედებზე, ენდოთელიუმზე, სისხლძარღვებზე, ნერვულ სისტემასა და, საერთოდ, ყველა ორგანოზე. ესაა კოვიდი. და მის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი − ვაქცინაციაა“.
ტიმაკოვი ამბობს, რომ თავად ვაქცინა არ შეიცავს არანაირ ვირუსს და არ არის გადამდები ირგვლივ მყოფებისთვის. ამასთან იქვე განმარტავს, რომ ვაქცინირებულმა ადამიანმა შეიძლება არ გამოიმუშაოს ანტისხეულები პირველ და მეორე აცრას შორის პერიოდში, ამიტომ ის შეიძლება დაავადდეს. ეს შეეხება ვაქცინირებულთა 2-30 პროცენტს.
„ავად გახდომა შესაძლებელია ორი აცრის შემდეგაც, მაგრამ ვაქცინა სერიოზული გართულებებისა და საავადმყოფოში მოხვედრისგან იცავს ადამიანს. სწორედ აცრილ ადამიანებში მიმდინარეობს დაავადება უფრო მსუბუქი ფორმით, ზოგჯერ იმდენად მსუბუქითაც კი, რომ ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ კოვიდი აქვს, − ამბობს ტიმაკოვი. − თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში ვირუსი არ არის. თუ ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდება, ის მაინც საშიში იქნება ირგვლივ მყოფთათვის“.
მედიკოსის თქმით, რუსეთი და ყოფილი საბჭოეთის მთელი რიგი ქვეყნები ძალიან ჩამორჩებიან ვაქცინაციის მხრივ − აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია.
ის ზომები, რომლებსაც ახლა მიმართავს ზოგი სახელმწიფოს ხელისუფლება, ვირუსოლოგს გამართლებულად მიაჩნია.
ტიმაკოვს მიაჩნია, რომ პანდემიის საბოლოოდ კონტროლქვეშ მოქცევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა პირველადი ვაქცინაცია სტაბილურად ჩატარდება, შემდეგ კი ანტისხეულებს ვაქცინის ერთჯერადი დოზებით შევინარჩუნებთ. მაგრამ ამას, მისი აზრით, სულ ცოტა, ორი წელი მაინც დასჭირდება.
„ვირუსი საბოლოოდ უნდა ადაპტორდეს ჩვენთან, ჩვენ კი კარგი კოლექტიური იმუნიტეტი გვექნება გამომუშავებული“, − ასკვნის ევგენი ტიმაკოვი.