თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerწიგნის ფესტივალი
წიგნის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს წიგნების ფართო ასორტიმენტი ელოდება.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi International Book Fair) გაიხსნა – წიგნის მოყვარულებს ღონისძიებაზე დასწრება 27 ივნისამდე შეუძლიათ, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი ონლაინ–ფორმატში გაიმართა, წელს კი ფორუმი კოვიდ–რეგულაციების სრული დაცვით ოფლაინ–რეჟიმში ჩატარდება. 

შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
შემეცნებით-გასართობი წიგნები პატარებისთვის-როცა დედა სამყაროს გილამაზებს

ფესტივალზე სტუმრობის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ვებ-გვერდზე www.tbilisibookfestival.ge. აღნიშნული ღონისძიება პავილიონებში დამთვალიერებელთა ნაკადის კონტროლს ისახავს მიზნად.

ვებ-გვერდზე მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს დაწვრილებით გაეცნოს ფესტივალის პროგრამას. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი ჰიბრიდული იქნება – მსურველი წიგნის ონლაინ შეძენას ფესტივალის ფასით შეძლებს.

ღონისძიების ფარგლებში, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის ფესტივალი სტუმრებსა და დამთვალიერებლებს ონლაინ–ღონისძიებას წარუდგენს, სადაც მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხი პრეზიდენტი ერთ სივრცეში მოიყრის თავს და განიხილავს მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის მნიშვნელოვან თემებს.

ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ქართველ ავტორებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან და ლიტერატურათმცოდნეებთან შეხვედრები. დაგეგმილია პანელური დისკუსიები აქტუალურ ლიტერატურულ თემებზე ქართველი და უცხოელი სპიკერების მონაწილეობით, ასევე საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია.

ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციულად, ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია „თიბისი ბანკი“.

ყველა ახალი ამბავი
0