სწორედ შვილების გამო დაიწყო ერთ მშვენიერ დღეს ექსკლუზიური საბავშვო აქსესუარებისა და ლამაზი ნივთების შექმნა. ისინი თითქმის ყველა ასაკის ბავშვზეა მორგებული. თუმცა, მისი ხელნაკეთი ნამუშევრებიდან ყველაზე გამორჩეული მაინც შემეცნებით-გასართობი ხასიათის წიგნებია, ბავშვები ხომ ყველაფერს, გაცილებით კარგად და სწრაფად, სწორედ თამაშის ფორმით ითვისებენ?!.
- ქეთი, ბავშვთა სამყაროს გალამაზება მას შემდეგ გადაწყვიტეთ, როცა შვილი შეგეძინათ?
- შეიძლება ასეც ითქვას. როცა დედა გავხდი, დავაკვირდი, რომ რაც იყიდებოდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უხარისხო მასალისგან გაკეთებული უღიმღამო ნივთები და აქსესუარები იყო. ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რითი გამელამაზებინა მათი სამყარო. ასე გავხდი ხელნაკეთი ნივთების ავტორი. დროთა განმავლობაში ჩემი ნახელავი უკვე ბევრს მოსწონდა.
- ძირითადად რა ნივთებს და აქსესუარებს ამზადებთ?
- თავიდან ელემენტარული აქსესუარებით დავიწყე და შემდეგ როდესაც მათზე მოთხოვნილება გაჩნდა, იმის მიხედვით ბევრი რამ დავამატე. დღეს ვამზადებ ჩანთებს გოგონებისთვის, ჩარჩოებს ფოტოებისთვის, წიგნის სანიშნეებს, სახალისო დეკორაციებს, წიგნებს.
- საინტერესოდაა აკინძული თქვენი ე.წ. განმავითარებელი წიგნები...
-გარდა იმისა, რომ ბავშვები ამ წიგნებით ერთობიან, მათი საშუალებით გარკვეულ უნარ-ჩვევებსაც იძენენ. ამ წიგნებში სხვადასხვა თემატიკაა გამოყენებული. მათი საშუალებით შესაძლებელია, რომ ბავშვმა თამაშ-თამაშით, ხალისით შეისწავლოს: ფერები, წელიწადის დროები, ანგარიში, გაარჩიოს გეომეტრიული ფიგურები და კიდევ ბევრი სხვა რამ აითვისოს.
- აქედან გამომდინარე, ხელნაკეთი ნივთების ავტორი, პედაგოგიურ სფეროშიც უნდა იყოს ჩახედული?
- აუცილებელი არ არის, მე პედაგოგიური განათლება ნამდვილად არ მიმიღია. ცხრა კლასის შემდეგ სკოლა-ლიცეუმი დავამთავრე ტანსაცმლის მოდელიერების განხრით. შემდეგ კერძო სასწავლებელი „ლეონი,“ სადაც სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადება შევისწავლე. ახლა ორი გოგონას პატრონი ვარ და ვიცი მათ რისი მოთხოვნილება აქვთ. ვიცი მათი მოსაწონი ნივთები თუ აქსესუარები როგორ დავამზადო.
- ხელნაკეთი წიგნების რაოდენობის გაზრდა არ გიცდიათ, ანუ ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებაზე არ ფიქრობთ?
- ბრენდი რომ შექმა ამისთვის ბევრი რამაა საჭირო და ამ საქმეს სპონსორი სჭირდება. საერთოდ, განმავითარებელი წიგნების დამზადება ძვირი ჯდება და საკმაოდ რთულია. მისთვის ბევრი მასალაა საჭირო და თითო წიგნის გასაკეთებლად ხუთი დღე მაინცაა აუცილებელი. თანაც, ყველაფერი ხელით კეთდება: ჯერ უნდა გამოჭრა ფიგურები, შემდეგ თემატურად აკინძო. მასალად თექას, აბრეშუმს, მძივებს, ლენტებს, „ფხრიწებს“, ღილებს ვიყენებ.
-უფროსებისთვის თუ გიცდიათ რაიმეს დამზადება?
- ადრე ვცადე ტრიკოტაჟის ძაფებისგან ჩანთები დამემზადებინა. ჩემი გვერდი (ქეთის ხელნაკეთი აქსესუარები) რომ ნახოთ, დარწმუნდებით, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ ვცადე. ბოლო დროს აქტუალურია ქალის ჩანთები, რომელზეც აფრიკელი ქალის გამოსახულებაა. ჩანთებზე ტყავგამძლე საღებავებით ვხატავ ხოლმე. ვნახოთ მომავალში რას მოვიფიქრებ.თუმცა ამ ეტაპზე ბავშვებისთვის ვმუშაობ.
- რადგან ბავშვთა სამყაროში გიწევთ ყოფნა, ალბათ რაიმე სახალისო ამბავიც გექნებათ გასახსენებელი...
- ასეთი შემთხვევა მახსენდება. ერთხელ ჩემი პატარა გოგონა მყავდა სასეირნოდ წაყვანილი. ქუჩაში უცნობი ქალბატონი მოგვიახლოვდა. უცებ ჩემი გოგონა მასთან მივიდა და რაღაცაზე ანიშნა: ეს ჩემმა დედიკომ გააკეთაო! სიმართლე გითხრათ, ჯერ დავიბენი, მაგრამ როცა დავაკვირდი, აღმოვაჩინე, რომ მას მართლა ჩემი ხელნაკეთი ჩანთა ეკავა. ორივე გაოცებული დავრჩით. მე გახარებულიც ვიყავი იმის გამო, რომ ასეთი დაკვირვებული და ყურადღებიანი გოგონა მყავს.
- ამ ნივთებს თქვენი შვილები უწევენ რეკლამას...
- დიახ, ჩემი მოდელები ისინი არიან. პირველად მათზე ვცდი ხოლმე რამდენად კარგი გამომივიდა ესა თუ ის ნამუშევარი. სხვათა შორის, ამ ასაკისთვის მათაც კარგად ეხერხებათ პატარა ნივთების დამზადება და ხშირად იდეებსაც მაწვდიან ხოლმე. მომავალში არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუკი ჩემი შვილები, რომლებიც უკვე ავლენენ თავის შესაძლებლობებს, რაღაც ფასეულსა და ღირებულს თავადაც შექმნიან...