თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასები და ლარის გაცვლითი კურსის რყევები გავლენას ახდენს საქართველოში ინფლაციის ზრდაზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გარდა ამისა, რეგულატორის ინფორმაციით, გლობალურად მზარდი ნავთობის ფასები საწვავის გაძვირებასა და, შედეგად, ინფლაციაში მისი წილის მატებას განაპირობებს.
„თბილისში გაზის ტარიფის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის მნიშვნელოვან გააქტიურებაზე მიუთითებს, რაც მანამდე არსებულ პროგნოზებზე მაღალია. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა წლის პირველ ოთხ თვეში წლიურად 8.1%-ით გაიზარდა და 2019 წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბა.
„გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური სტიმულიც რჩება. ჯამურად შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს იმპორტის გააქტიურებაც. აღნიშნული ფაქტორების საპირწონედ გაზრდილია საგარეო შემოდინებები, რაც სავალუტო ბაზრის პოზიტიურ დინამიკასა და, შედეგად, ინფლაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება.
ეროვნული ბანკის რეაქცია
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5 პროცენტს შეადგენს.
- რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია. 2021 წლის მარტში რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დაიწყო.
„არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ აღნიშნა, რომ განაკვეთის იგივე დონეზე შენარჩუნება დადებითი მომენტია.
„ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. ინფლაციის დონის ზრდა უკავშირდება კომუნალური მომსახურების საფასურის ზრდას. ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი რომ გაეზარდა, ეს გავლენას მოახდენდა ეკონომიკაზე და ზრდის ტენდენცია შენელდებოდა”, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik–საქართველოს“.