თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია.
მიმდინარე წლის მაისის წლიურმა ინფლაციამ 7,7 პროცენტი შეადგინა. მარეგულირებლის პროგნოზით, ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7 პროცენტი იქნება.
„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებითა და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნავენ უწყებაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 4 აგვისტოს გაიმართება.