თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების ყოველწლიური ფესტივალი „მომავლის ხმები“ გურიაში 25–27 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
სამდღიან ფესტივალში სხვადასხვა რაიონებიდან სალოტბარო სკოლების 200-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც საკუთარი კუთხის ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენ. კონცერტები ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეკვეთილში ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები – გასართობ ღონისძიებებთან ერთად მოეწყობა ფილმების ჩვენება-გარჩევა.
„მომავლის ხმები“ პირველად 2019 წელს ჩატარდა გურიაში. ფესტივალში მონაწილეობდა 11 სალოტბარო სკოლის 400-მდე ბავშვი. ამჟამად საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რაიონში 27 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერის შეწავლა ყველა მსურველს შეუძლია.