თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სიმპათიით სამი პარტიისადმია განწყობილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 32% დაუჭერდა, ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ – 23%, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი – 8%.
ყოფილი პრემიერის პარტიის რეიტინგმა, რომელიც ახლახან, ივნისის დასაწყისში დაარსდა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების რეიტინგს გადააჭარბა.
გამოკითხვის შედეგებით დანარჩენი პარტიების რეიტინგია:
– „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 5%;
– „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3%;
– „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
– „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
– „ლელო საქართველოსთვის“ – 2%;
– „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;
– „მოქალაქეები“ – 2%;
– „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%;
– „დროა“ – 1%;
– „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 1%;
– „ერი“ – 1%.
გამოკითხვა ტელეკომპანიის დაკვეთით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 1000 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება +/-3%-ია.