თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თემატურ შეხვედრებს იწყებს, რომლის მიზანიც ამომრჩევლისთვის პარტიის სამოქმედო პროგრამის გაცნობაა.
როგორც ჟურნალისტებთან პარტიის წევრმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პროგრამის პირველი თემატური განხილვა 19 ივნისს შედგა, რომლის მიზანი ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების პროგრამული ხედვა ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას: განვითარება, დემოკრატია, უსაფრთხოება. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდის, სოციალური დაცვისა და განათლების სისტემის, დეოკუპაციის, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წყალობით, დასძინა მან.
აბაშიშვილის თქმით, თითოეულ სფეროში შეიქმნება სპეციალური სამუშაო სივრცეები, რომელთა საშუალებითაც მოხდება აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან. ამ პლატფორმების მუშაობის შედეგად მომზადებული ახალი ხედვა, რეკომენდაციები და ინიციატივები დოკუმენტში აისახება.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა, პარტიის პროგრამის ეკონომიკური ნაწილი სწორედ ამ პრობლემების დაძლევისკენ იქნება მიმართული, დაძინა მან.
„ვიწყებთ თემატურ შეხვედრებს ჩვენი პროგრამის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტიის მხრიდან ეს არის თვისობრივად ახალი იდეა, ვინაიდან გვინდა უფრო მეტი კვალიფიციური დისკუსია ჩვენი პროგრამის სხვადასხვა თემატურ ნაწილებზე. თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი პროგრამა ღია იყო და შესაბამისად, გვინდოდა, რომ მასში ყველა სფეროს წარმომადგენელი ჩართულიყო და მათი აზრი მოგვესმინა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
პარტიის წარმომადგენლებმა ეკონომიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა უკვე გამართეს და მათი აზრი მოისმინეს.
პარტია „საქართველოსთვის“ გეგმავს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესებას, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.
„მთავარი პრინციპი არის „ჯერ ქართული“, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი ვალდებული იქნება დაასაქმოს კვალიფიციური ადგილობრივი მუშახელი - და ამავდროულად გამოიყენოს ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქცია. ეს იქნება როგორც ინვესტიციების, ისე ეკონომიკური ზრდის მთავარი პრობლემების გადაჭრის წყარო“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ამ ეტაპზე თემატურ შეხვედრებში არ მონაწილეობს პარტიის ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც მოცემულ მომენტში აშშ–ში პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს. მანამდე იგი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.