თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიზნით 10 კონკურსი გამოაცხადა.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კონკურსები ხელს შეუწყობს ქართული თეატრისა და კინოს, თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის განვითარებას.
კონკურსები მიზნად ისახავს კერძო თეატრებისა და საბავშვო თეატრ-სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების, ინკლუზიური სახელოვნებო და ა.შ. პროექტების ხელშეწყობას.
მაგალითად, კერძო სტრუქტურაში მოღვაწე კინოხელოვანთათვის გამოყოფილია საერთო ბიუჯეტი 120 ათასი ლარის ოდენობით. ამ კონკურსის მიზანია „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების წახალისება საქართველოში.
სულ კოვიდფონდის ფარგლებში გამოყოფილია 1,6 მილიონი ლარი, აღნიშნა მინისტრმა.
კონკურსში მონაწილეთა მსურველებმა სამინისტროს 3 ივლისამდე უნდა მიმართონ.
გუშინ უწყებამ გამოაცხადა ხუთი კონკურსის შესახებ კულტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში. კულტურის სამინისტროს დახმარება და მხარდაჭერა ძირითადად რეგიონებში კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზეა ფოკუსირებული.