თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო კახეთის რეგიონში ძალების მობილიზება დაიწყო.
უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სოფლებში პატრულირებენ, რათა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევები აღკვეთონ, ხოლო ხანძრის გაჩენის შემთხვევაში კი დროულად მოახდინონ მისი ლიკვიდაცია.
მაშველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე.
წინა დღეს კახეთში, შირაქის მახლობლად რამდენიმე ჰექტარი ხორბლისა და ქერის მოსავალი დაიწვა.
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, სადაც ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებულია, ხანძრები ძირითადად თავად მფლობელების მიერ არის გაჩენილი, შემდეგ ისინი ამას მალავენ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რათა ჯარიმები თავიდან აიცილონ.