თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში კორონავირუსის პანდემია დაძლეული იქნება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, წლის ბოლოსთვის უკვე მოსახლეობის 65% იქნება ვაქცინირებული.
„ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, მით უფრო ჩქარა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე. დღეში 5-6 ათასი კაცი იცრება, როდესაც 14-15 ათასი უნდა იცრებოდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ივლისის პირველივე კვირიდან საქართველოში ვაქცინების დიდი რაოდენობა შემოვა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისთვის ქვეყანა კარგად ემზადება.
„ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება. ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ის ასევე შეზღუდვების მოხსნის საკითხს შეეხო. მისი თქმით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს.
„ჩემი აზრით, თუ ჩვენ დავიცავთ დარჩენილ ორ რეგულაციას, ერთი - დახურულ სივრცეში კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს და მეორე - თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, მაშინ მე მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას. ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს და შეიძლება არა, ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა“, - განაცხადა მან.
თენგიზ ცერცვაძემ AstraZeneca-ს ვაქცინის შეფერხებით მოწოდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეპარატის მესამე პარტია - კიდევ 43 ათასი დოზა, რომელიც საქართველოს 22 ივნისს უნდა მიეღო, რამდენიმე დღეში ჩამოვა.
საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების დიდი არჩევანი ექნებათ. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში საქართველო სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს. ქვეყანაში შემოვა ჯანმოს მიერ აღიარებული Pfizer, Sinopharm, Sinovac, Novovax, Jonson&Jonson-ის ვაქცინები.
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 238.220 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 84.756 ადამიანი.