თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, თბილისში ბეტონის ნაკეთობების საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს და ადგილობრივ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს. აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის დახმარებით, ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ შპს „ნეოსტარმა“ 2019 წელს თბილისში ახალი საწარმოს აშენება და უახლესი ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო.
უკრაინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული. საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას ტერიტორია ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სიმბოლურ ფასად გადაეცა. კომპანიამ საწარმოში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
„პანდემიის მიუხედავად, საწარმო სრულად ფუნქციონირებს და ადგილობრივ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის, მოსაპირკეთებელი ქვით და სამშენებლო ბლოკებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს საკუთარი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტების შესატყვისი იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საწარმოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად ესტუმრა.
საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. ამასთანავე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს Colormix ტექნოლოგიას სთავაზობს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. მისი დახმარებით ფილის ზედაპირის დამზადება სხვადასხვა ფერის შერწყმით არის შესაძლებელი.
თურნავას ინფორმაციით, კომპანია მომავალში გაფართოებას აპირებს და ხელისუფლება მას გვერდში დაუდგება.
„თითოეული ასეთი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადგილობრივი ადამიანების დასაქმება და ჩვენი საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნესსექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.
პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.
საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.
პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6,2 ათასზე მეტი პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.