თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ანტალიას ეწვევა, სადაც საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტრი თურქეთში 19 ივნისს გაემგზავრება.
ანტალიაში ფორუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გახსნიან.
სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წელს ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ პანდემიის გამოწვევებზე, გლობალური უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და ამ კუთხით დიპლომატიის როლის მნიშვნელობაზე.
ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელურ სესიაში „სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის".
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან სხვა ოფიციალურ პირებთან.
ანტალიის დიპლომატიური ფორუმი მაღალი დონის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.