თენგიზ ცერცვაძე: ვფიქრობ, გადაადგილებაზე შეზღუდვა მალე მოიხსნება

© press-service of the Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ცერცვაძეს მიაჩნია, რომ თუ მოსახლეობა ზაფხულში პირბადეს კვლავ მასობრივად გამოიყენებს, დიდი ალბათობით, ქვეყანა შემოდგომაზე მეოთხე ტალღას თავიდან აიცილებს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ნინო ლომჯარია: მთავრობამ „კომენდანტის საათის" აუცილებლობა ვერ დაასაბუთა

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო, თუმცა ზოგიერთი წესი კვლავ ძალაში რჩება, მათ შორის, ღამით გარკვეულ საათებში გადაადგილების აკრძალვა.

ცერცვაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს შეზღუდვაც მალე მოიხსნას.

„პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ, გადაადგილებაზე შეზღუდვაც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში „ლოკდაუნების“ შემსუბუქება ახლა დაიწყეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის საქართველო პანდემიას დაძლევს. ამ პერიოდში ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ განაცხადა, შესაძლოა სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა დაიწყოს, თუმცა ის, განვლილი ეტაპებისგან განსხვავებით, მსუბუქი იქნება.

  • „რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული – ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდ-გადატანილიც გვეყოლება. ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელსაც აქვს იმუნიტეტი. მთლიანად ავიცილებთ თუ არა თავიდან მეოთხე ტალღას, ეს დამოკიდებულია ჩვენზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის აზრით, თუ მოსახლეობა ზაფხულში პირბადის გამოყენებას არ შეამცირებს, დიდი ალბათობით, ქვეყანა მეოთხე ტალღას თავიდან აიცილებს.

საქართველოში „კომენდანტის საათი" 2020 წლის მარტიდან შემოიღეს, რომელიც ზაფხულში გაუქმდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ნოემბერში კვლავ ამოქმედდა. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა. მიმდინარე წლის მაისში შეზღუდვის დრო შემცირდა და ამჟამად იგი 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს. მიუხედავად გარკვეული შემსუბუქებისა, ქვეყნის ცალკეულ ქალაქებში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები „კომენდანტის საათის" მოხსნის მოთხოვნით.

ყველა ახალი ამბავი
0