თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვერ დაასაბუთა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის შენარჩუნების აუცილებლობა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ქვეყანაში 2020 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ლომჯარიას განმარტებით, საკოორდინაციო საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე.
„რაც შეეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ქვეყანაში, ამ მხრივ ჩვენ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ დრომდე მოქმედ „კომენდანტის საათის" პრობლემურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ... პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ არსებობს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება", – განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოში „კომენდანტის საათი" 2020 წლის მარტიდან შემოიღეს, რომელიც ზაფხულში გაუქმდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ნოემბერში კვლავ ამოქმედდა. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა. მიმდინარე წლის მაისში შეზღუდვის დრო შემცირდა და ამჟამად იგი 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.
ქვეყნის ცალკეულ ქალაქებში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები „კომენდანტის საათის" მოხსნის მოთხოვნით.