თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცებულ განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, ერთი შემთხვევა დაბა ურეკში მოხდა – მაშველებმა ზღვაში არასრულწლოვანი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.
მაშველები არასრულწლოვნის დასახმარებლად წყალში სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ და დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით მყოფი ბავშვი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.
ამ დროისთვის ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქობულეთში, ზღვაში შევიდა მოქალაქე, რომლის ადგილსამყოფელს თანმხლები პირები ვერ პოულობდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
მაშველებმა მოქალაქე ნაპირიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მამაკაცი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ საქართველოს შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე შტორმი ფიქსირდება, ამიტომ მოუწოდებს მათ, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შევიდნენ ზღვაში.
„კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც დროებით ზღვაში შესვლის აკრძალვის მანიშნებელია. ასევე მობილიზებულია წყალზე მაშველთა დამატებითი ჯგუფები. ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე თეთრი ალმები აღიმართება.