შსს-მ რიონის ხეობაში რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliრიონის ხეობა
რიონის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რიონის ხეობაში დარჩებიან სამართალდამცველები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციები 25 მაისის ღამით განათავსა. იმ პერიოდში „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში სამდღიანი აქციის გამართვის შემდეგ გადაწყვიტეს პროტესტის კვლავ რიონის ხეობაში გაგრძელება და ადგილზე კომპანია ENKA-სთვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ხელის შეშლა.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
აუცილებელია სიტუაციის დეესკალაცია – ევროპელი მედიატორები „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით

გასულ შაბათს, 12 ივნისს მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ლიდერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებთან მოლაპარაკებები გამართეს ევროპელი მედიატორის – ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილის და მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით. ცხრასაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

დოკუმენტის თანახმად, „რიონის ხეობის მცველები" გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს, არ გადაკეტავენ გზას სამშენებლო მოედნისკენ, პოლიცია კი უზრუნველყოფს ტერიტორიიდან რკინის კონსტრუქციების აღებას, რითიც აქციის მონაწილეებს მთავარ გზაზე გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშომლები „გუმათჰესთან“ და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

„სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
Enka: ნამახვანჰესის მშენებლობის გაჩერებას არ ვაპირებთ

იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობამ "ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის "ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0