თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. გერმანიის საკონსულოს კიდევ ერთხელ დაევალა გერმანიაში სახელმწიფო პროგრამით დასაქმებული ქართველების პრობლემის გადაჭრა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მათ ცხოვრება და მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.
„არა მხოლოდ ჩვენი საკონსულოს, არამედ გერმანიის ხელისუფლებასთან მქონდა კომუნიკაცია ამ თემაზე. გუშინაც მქონდა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომ ეს თემა იყოს სწრაფად მოგვარებული, რადგან საქმე გვაქვს ადამიანებთან, მათ ყოფით მდგომარეობასთან და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მიცემულია დავალება ჩვენი საკონსულო სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.
გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ გაუსაძლისი სოციალური და შრომის პირობები აქვთ და დახმარება ითხოვეს. ერთი კვირის შემდეგ გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურ სამინისტროში პირობა დადეს, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები დაუყოვნებლივ გამოსწორდება არსებული სტანდარტების შესაბამისად.
მაგრამ გასული კვირის ბოლოს და დღესაც მედიაში კვლავ გავრცელდა საქართველოს მოქალაქეების ვიდეო-და აუდიოჩანაწერები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შრომის პირობები ოდნავაც არ გამოსწორებულა, საყოფაცხოვრებო პირობები კვლავ მძიმეა, ხოლო ხელფასი დაპირებულზე დაბალია.