თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადაყენება გარდაუვალი იყო, მაგრამ ამას ხელი შეუშალა გარე ფაქტორებმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძეს სწორედ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ მოვლენების გამო მოუხდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება.
პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
გახარიას გადადგომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებასა და აქციის დაშლისას აკრძალული მეთოდების გამოყენებაში.
„20 ივნისის შემდეგ გუნდში დისკუსია გაიმართა, იყო ასეთი მოსაზრება, და არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დატოვებდა. ეს საკითხი რაღაც მომენტში მომწიფდა კიდეც, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემდეგ რაღაცამ და არა ვიღაცამ შეცვალა. რამ – ამას ვერ ვიტყვი, თუმცა გარკვეულ მომენტში ამის დროც დადგება. იყო გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. ეს ფაქტორი მას უკავშირდებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, აქციის დაშლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა რადიკალურად შეეცვალა გახარიას იმიჯი უკეთესობისკენ.
„გიორგი გახარიას მიმართ ჩვენ არა მხოლოდ საჯაროდ გამოვირჩეოდით მსგავსი განცხადებებით, არამედ მაქსიმალურად გვედში ვედექით მას ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი როგორც პრემიერ-მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შეცვლილიყო. ეს არ იყო მხოლოდ საჯარო განცხადებები, ჩვენ ამას გუნდის შიგნით ვაკეთებდით“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებს, კობახიძის განმარტებით, გახარიას უწყების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ კომპეტენტურობის კუთხით გარკვეული ეჭვები გააჩინა.
„ოპერაცია გახარიას მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი. მხედველობაში მაქვს აქციის დაშლის ოპერაცია, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა... რასაკვირველია, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და თავად აკეთებდა ამას ერთ-ერთ თავის მოადგილესთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პირველი კითხვა, რომელიც ოპერაციასთან დაკავშირებთ გაჩნდა, იყო – რატომ იდგა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა უფრო მსუბუქი სპეცსაშუალებები.
„სპეცრაზმი რომ მდგარიყო პარლამენტის ეზოს შიგნით და გამოყენებული ყოფილიყო უმარტივესი სპეცსაშუალებები, თავიდან ავიცილებდით ყველაფერს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო შეცდომა. თუმცა არ ვიცით – შეიძლება არც იყო“, – აღნიშნა კობახიძემ.
იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მალევე, სექტემბერში გიორგი გახარია გათავისუფლების ნაცვლად დააწინაურეს და იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ თანამდებობიდან იგი მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.