თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. როგორც კი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საჯაროდ დადებენ პირობას, რომ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გააგრძელებენ და ინვესტორ კომპანიას ხელს არ შეუშლიან, პოლიცია სოფელ გუმათსა და რიონის ხეობას დატოვებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ევროპელი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში მკაფიოდაა საუბარი აუცილებელ გარანტიებზე.
შაბათს, 12 ივნისს, ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით საპროტესტო მოძრაობის ლიდერები შეხვდნენ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს. შეხვედრა ცხრა საათს გაგრძელდა. მოხერხდა შეთანხმების მიღწევაც.
ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ძირითად საკითხზე: ნაწილი ეხება უშუალოდ პროექტს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა როლსა და შსს-ს რეაქციას მათ ქმედებებზე, მოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობაზე ანგარიშების პუბლიკაციას.
დოკუმენტის თანახმად, რიონის ხეობის მცველები მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ ისე, რომ არ გადაკეტავენ სამშენებლო მოედნის შესასვლელს, რის შემდეგაც პოლიცია აიღებს ბარიკადებს და მთავარ გზაზე პროტესტის მონაწილეების გადაადგილებას უზრუნველყოფს. ეს პარასკევამდე, 18 ივნისამდე უნდა მოხდეს.
მინისტრის თქმით, ერთადერთი ამოცანა, რის გამოც პოლიცია იქ იმყოფება, არის მშვიდობა, არ წარმოიქმნას კონფლიქტი მხარეებს შორის, რადგან ამის სამწუხარო მაგალითები იყო.
„როგორც კი ჩვენ გვექნება, თუნდაც, წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ მშვიდობიანად განაგრძობენ თავის პროტესტს და არ მოხდება კომპანიის მუშაობის ხელის შეშლა, არ მოხდება თანამშრომლებზე ზეწოლა, არ მოხდება კომპანიის აქტივების დაზიანება [მოიხსნება ჯებირები]. იქ არის საწყობი ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი. თუ გვექნება გარკვეული გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
თურნავას თქმით, ხეობაში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები ეკოლოგიაზე არსებით გავლენას არ ახდენს. კომპანიას აქვს ნებართვა და მისი გასაჩივრება ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე არ შეიძლება.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი რიონის ხეობაში თითქმის რვა თვეა გრძელდება. ქუთაისში რამდენიმე ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა 23 მაისს თბილისში გადაინაცვლეს. მათ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს და მოითხოვეს ეკონომიკის მინისტრის გადადგომა და თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა. მას შემდეგ, რაც მოთხოვნები არ შესრულდა, აქტივისტები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ, სადაც ცდილობენ, მშენებლობას ადგილზე შეუშალონ ხელი.
საზოგადოების ზეწოლით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.