„ეს იყო შოკი" – კალაძე საკუთარ ავადმყოფობაზე

© photo: press-service of the Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად აპრილის შუა რიცხვებში საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საჯაროდ პირველად ისაუბრა ჯანმრთელობის პრობლემის თაობაზე, რომლის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის მარტში გახდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
კახა კალაძე კლინიკაშია: თბილისის მერი დიაგნოზის შესახებ პოსტს აქვეყნებს

დედაქალაქის მერის თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია, ამიტომაც ბოლო პერიოდში თავბრუსხვევები მისთვის მოულოდნელი იყო.

„მე არ ვსვამ, არ ვეწევი, დაკავებული ვარ სპორტით და ცხოვრების ჯანსაღ წესს მივყვები, ამიტომაც ეს დაავადება ჩემთვის სრული შოკი იყო", – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, თავიდან მან თავის ტკივილი წნევას დაუკავშირა და ზედიზედ ორი მედიკამენტი მიიღო, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, წნევა დაუვარდა და „პანიკა დაიწყო".

„ეს დაახლოებით დილის ექვს-შვიდ საათზე მოხდა. საწოლიდან ადგომა მინდოდა და თავბრუ დამეხვა. ეს სრული კატასტროფა იყო. დამეწყო საშინელი თავბრუსხვევები", – გაიხსენა კალაძემ.

შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც იგი კლინიკაში გადაიყვანა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ პრობლემა ვესტიბულარულ აპარატთან იყო დაკავშირებული.

„აღმოჩნდა, რომ ეს წნევასთან დაკავშირებული არ იყო და საქმე გვქონდა ვესტიბულარული აპარატის მოშლასთან... დღესაც ზოგჯერ თავბრუსხვევები მაქვს, თუმცა ახლა ვიცი, თუ რისგან მომდინარეობს იგი და ამისთვის მზად ვარ", – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, დაავადების პროვოცირება, სავარაუდოდ, სტრესმა გამოიწვია.

43 წლის კალაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. აპრილის შუა რიცხვებში იგი დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრა.

საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა – იქნება თუ არა კახა კალაძე კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე. ადრე ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0