თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. 2021 წლის 1 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის (სემეკ) ვებგვერდზე.
„თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” („თელმიკო“), ხოლო რეგიონებში „ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად - „ეპ ჯორჯია”.
ამასთან, სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება.
„აღნიშნული კომპანიები ჩამოყალიბდა და დაფუძნდა „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების განცალკევების საფუძველზე. „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ 1 ივლისიდან განახორციელებენ მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილებას , რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულები იქნებიან მომხმარებლამდე მიიტანონ ელექტროენერგია, ხოლო თვითონ პროდუქტს კი მოსახლეობას „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია“ მიაწვდის“, - აცნობეს Sputnik-საქართველოს სემეკში.
სემეკის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად განხორციელდა.
როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, გატარებული ცვლილების შედეგად უკვე გაჩნდებიან თავისუფალი მიმწოდებლები და ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა რომ თავისუფალ ფასად და კონკურენტული პირობებით შეიძინოს ენერგეტიკის ბაზარზე ან მიმწოდებლისაგან ელექტროენერგია.
„თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციასა და განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში „თელასი“ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო დაახლოებით 25% შპს „ბესტ ენერჯი გრუპის" საკუთრებაა.
Energo-Pro Georgia ძირითადად დაკავებულია საქართველოს რეგიონების ელექტროენერგიის მომარაგებით. ის არის საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მსხვილი ოპერატორი, რომლის სპეციალიზაციაცაა ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება. კომპანია ფლობს ათი საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 414 მეგავატზე მეტია. Energo-Pro Georgia-ს მომსახურებით სარგებლობს 860 ათასი მომხმარებელი. 5200 თანამშრომელით კომპანია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში.