თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. გურამ შეროზიამ, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო როგორც მოგზაური ბლოგერი, ჩერნობილის ცნობილი კატასტროფიდან 35 წლის შემდეგ ჩერნობილში იმოგზაურა, სადაც ქალაქი პრიპიატი ისევ ცარიელია, რადიაციით დაბინძურებული ზონა კი დაკეტილი. ადგილი ტურისტებისთვის ნაწილობრივ ღიაა და იქ მოსახვედრად საჭირო ინფორმაციას შეროზია მსურველებს „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში უზიარებს.
View this post on Instagram
მოგზაური დეტალურად ჰყვება, როგორ შეიძლება მოხვედრა იმ ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გთავაზობთ მოგზაურის რჩევებს:
1. ტური ტარდება კიევიდან. სანამ ადგილზე მივედი, ცოტა მეშინოდა, მაინც რისკია-ს ამბავში. როცა გასვლის ადგილზე 5 ავტობუსი და 300-მდე ტურისტი დავინახე – ცოტა მომეშვა.
2. ავტობუსში ასვლისას ვიკი გაგვეცნო, ჩვენი გიდი (ტურები მხოლოდ ორ ენაზეა, ინგლისური და უკრაინული), რომელიც სამი წელია დადის ტურებში, კვირაში ორჯერ, ამან უსაფრთხოების ამბავში კიდევ უფრო განმამტკიცა.
3. დეზომეტრები დაგვირიგეს, რომელიც ზომავს რადიაციის დონეს, ანუ თუ ცოტა საექსკურსიო გზიდან გადაუხვევ და "დაუკრეფავში გადახვალ", სადაც რადიაციის დონე მაღალია - ისეთს დაგიწივლებს, ცხოვრება თვალწინ გაგირბენს.
4. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ დგახარ, ისმენ ისტორიებს და თითქმის არაა რადიაცია, 3 მეტრში კი შეიძლება ისეთი იყოს, რომ გულიც გაგისკდეს შიშისგან.
5. თუნდაც შემთხვევით მოხვდე მაღალ რადიაციულ ადგილას, ეს არ ნიშნავს მომენტალურ გაფართხალებას, რადიაციას დრო სჭირდება, რომ დაგიპყროს. ასევე, ტურის მანძილზე სამჯერ ზომავენ შენს მიერ მიღებული რადიაციის დონეს, რომელიც უმეტესად არ აღემატება 1 საათიანი ფრენისას მიღებულ დასხივებას.
6. ტური გრძელდება 6-7 საათი, რამდენიმე გაჩერებით და უსაინტერესოესი ისტორიებით.
7. ღირებულება 1 დღიანი ტურისთვის საკმაოდ დიდი, 120 დოლარამდეა, მაგრამ ღირს, უსაფრთხოება ეკონომიაზე მაღლა დგას.
8. ისტორიებს ისეთებს მოგიყვებიან, გული აგიჩუყდება, სსრკ შეცდომებზე, სიკვდილის ხიდზე, პრიპიატზე, რომელშიც სიცოცხლე გაჩერდა და ა.შ.
9. გარდა ჩერნობილის სულის შემძვრელი ისტორიისა, მეორე უნიკალურობა ისაა, რომ სიცოცხლე 35 წლის წინ გაჩერდა და მას შემდეგ ხელი არავის უხლია, ანუ ფაქტობრივად 1986 წლის სსრკ-ში მოგზაურობ.
10. მეილითაც იჯავშნება ტური, კიევიდანაც და ავტობუსები იქაური „ვაგზლის“ ტერიტორიიდან გადიან.
View this post on Instagram
1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 საათზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ქალაქ პრიპიატში, უკრაინის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში, აფეთქება მოხდა. ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაზე 1945 წელს ჩამოგდებული ატომური ბომბის რადიოაქტიურ კონცენტრაციას. 2021 წელს ამ მოვლენიდან 35 წელი გავიდა.
კატასტროფის ადამიანური, ტექნიკური თუ ფინანსური ზარალის ზუსტი რაოდენობის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება. ცნობილია, რომ უშუალოდ აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება იმ დაავადებათა მუტაცია, რომლებიც რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გაბნევას მოჰყვა.