თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიის გამო არსებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს.
შეროზია საქართველოს რკინიგზის პრობლემებზე საუბრობს და საზღვრების გახსნას ითხოვს, ამბობს, რომ მატარებლებში ფანჯრები არ იღება, ბევრი მგზავრია და სანამ ქალწულობის ინსტიტუტს აკრედიტაცია არ შეუჩერდება და მგელი და კრავი ერთად არ მოძოვენ ბალახს, მანამ საქართველოს რკინიგზას არაფერი ეშველება.
„ბილეთი აუცილებლად ქაღალდის უნდა გქონდეს, ორჯერ შეგიმოწმონ, მანამდე ათასი კაცის ბილეთზე შენახები ხელებით, სამაგიეროდ ხელთათმანიანით (რომელიც ბაქტერიას კიდევ უფრო კარგად ინარჩუნებს)… შემოვედი და ხელი სად დავიბანო–მეთქი და ტუალეტები მცხეთამდე ჩაკეტილიაო. სკამებზე თავის მისადებებიც კი არ არის ერთჯერადი, აი ავტობუსებში და ფრენების დროს რომ ცვლიან, სამაგიეროდ სიცხეს გვიზომავენ და პირბადეებში ვიგუდებით“, – წერს ბლოგერი.
საქართველოს რკინიგზამ მგზავრების გადაყვანა 15 ივნისიდან განაახლა. მაგისტრალურმა მატარებლებმა დაიწყეს მოძრაობა რამდენიმე მიმართულებებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი.
ბილეთების ფასები არ შეცვლილა, ხოლო მატარებლები მხოლოდ დღის საათებში იმოძრავებენ.
საქართველოში რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 31 მარტს შეჩერდა კორონავირუსის გავრცელების გამო.
კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 1 ივლისიდან საზღვრების უცხოელი ტურისტებისთვის გახსნას გეგმავს.