თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ოთხმა არასაპარლამენტო პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია შექმნა და თბილისის მერის პოსტზე თავისი კანდიდატურაც წამოაყენა.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.
კოალიცია „ეროვნული ფრონტი“ შექმნეს მცირე პარტიებმა: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული არჩევანი“, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალი საქართველო“.
„ეროვნული ფრონტი“ არ იქნება მექანიკური გაერთიანება“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.
მისი თქმით, კოალიციის მთავარი ამოცანა იქნება ორი ყველაზე დიდი პარტიისთვის – „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მონოპოლიის ჩამორთმევა პოლიტიკურ სივრცეში და ალტერნატიულ მესამე ძალად წარდგენა.
თბილისის მერის პოსტზე კოალიციამ ცნობილი ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
პარტიაში განმარტეს, რომ ხატიაშვილის კანდიდატურა სხვადასხვა სეგმენტის ამომრჩევლისთვის არის მისაღები.
„ეროვნული ფრონტი" პირველი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელმაც თბილისის მერის პოსტზე თავისი კანდიდატურა დაასახელა. სხვა პარტიები ჯერჯერობით კონსულტაციებს მართავენ და ვარიანტებს განიხილავენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.