თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. რეზო გაბრიაძის გარდაცვალებით მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგრძნო მწარე რეალობა იმისა, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი კულტურული სივრცე ადამიანი-ლეგენდებისგან, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.
„მის შესახებ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ასეთი მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის ესთეტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება: რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, სკულპტორი, წიგნების ილუსტრაციათა ავტორი, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი...”- წერია სამძიმრის წერილში.
მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. დღეიდან ეს საათი მარადისობის მკვიდრი ბატონი რეზოსთვის უკვე სამუდამოდ გაჩერდა, ნათქვამია ილია მეორის წერილში.
საქართველო დიდ ქართველ ხელოვანს დღეს დაემშვიდობა, რეზო გაბრიაძე დღეს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.
გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.