თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. გარდაიცვალა დიდი მეზაღაპრე – ასე გამოეხმაურა განსაკუთრებული ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ცნობილი რუსი ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი.
„ის იყო სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარი... მაგრამ ყველა მისი ქმნილება: ფილმები, სპექტაკლები, თოჯინები, „ჩიჟიკ–პიჟიკი ფონტანკაზე“, დახრილი კოშკი საათით თბილისში, წიგნები ავტორის ნახატებით, ავტობიოგრაფიული მულტფილმი – ეს ზღაპრებია. შეიძლება, ყველაზე რთული და ბრძნული ჟანრი. გაბრიაძე ასე ხედავდა ცხოვრებას და მას გარდასახულს გვიბრუნებდა. ძვირფასო ბატონო რეზო, მადლობა თქვენ ასეთი დღესასწაულისთვის, რომელიც სამუდამოდ ჩვენთანაა“, – დაწერა პარფიონოვმა Facebook–გვერდზე.
ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვ. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.
გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.