თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს დამატებით 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო, ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ აშშ დოლარს, რომლის მიზანია ქვეყნის დახმარება პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებისა და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.
COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში დამატებითი დაფინანსება ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით.
„მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით და ახლა ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის – 4 მილიონზე მეტი PCR, ასევე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების, და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის, 11 მლნ პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში.
ამასთან ერთად, პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის დაწესებულებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო შესაძლებლობების განვითარებაში – მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვით.
პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითიც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80 ათასმა ოჯახმა; დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25 ათასმა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც სამზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე ერთჯერადი დახმარება მიიღო 370 ათასმა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160 ათასზე მეტმა ადამიანმა.
დამატებითი დაფინანსება, ისევე, როგორც ძირითადი პროექტი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მლნ ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება. ხოლო მანამდე ბანკმა საქართველოს გამოუყო 45 მლნ ევროს დაფინანსება „ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“, რითიც მთავრობას საბიუჯეტო დახმარება აღმოუჩინა საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ხარჯების ზრდის პირობებში, რათა შენარჩუნდეს რეფორმების პროგრესი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.