თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების გზაზე ეკოლოგიური გამოწვევების გადაჭრის გზით, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ ვირტუალურ ფორმატში განიხილეს ბანკის ანგარიში – „საქართველო: გზა მწვანე და სტაბილური განვითარებისკენ“, რომელიც ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების პოტენციალს ეხებოდა. ეს არის ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც ეფექტურად იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მინიმუმამდე ამცირებს დაბინძურებას და გარემოსადმი მიყენებულ ზიანს და ავლენს სტაბილურობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ.
„მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის გვერდით დგას ეკონომიკის აღდგენის მწვანე გზაზე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და ანალიზი ხელს უწყობს საქართველოს ეკოლოგიურ ტრანსფორმაციას, რეაგირებას ახდენს ბუნებრივი რესურსების დეგრადაციაზე, ამცირებს რესურსებზე დამოკიდებული ადამიანების მოწყვლადობას და განსაზღვრავს მწვანე განვითარების სტრატეგიას, რომელიც შესაფერისი და ეფექტურია მთელი საქართველოსთვის“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში ჰაერის დაბინძურებამ 4 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეკონომიკურმა ზარალმა კი 560 მლნ დოლარი ანუ მშპ-ის 3% შეადგინა. სოფლის მოსახლეობისთვის მიყენებულმა ზარალმა, რომლის დიდი ნაწილიც მიწის დამუშავებით საზრდოობს, 128 მლნ დოლარი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ ლანდშაფტების აღდგენა ამ ადამიანების შემოსავლების დეფიციტს 6%-ით შეამცირებს.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამწვავებს გარემოს დეგრადაციას, განსაკუთრებით საქართველოს ზღვისპირა ზონებში. 2018 წელს გარემოს დეგრადაციის ეკონომიკური ღირებულება სანაპირო ზოლში მშპ-ის დაახლოებით 4-5% აღმოჩნდა, რაც განაპირობა 2018 წელს წყალდიდობების, ეროზიის, ნარჩენების, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებისა და ტყისთვის მიყენებულმა ზიანმა. ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის და ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიის შემდგომ წლებში შესაძლებელი გახდება ქვეყანამ უფრო მწვანედ აღადგინოს ეკონომიკა და განვითარება უფრო სტაბილური გახადოს.
2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ იკისრა სტაბილური განვითარების გაძლიერებისა და გლობალური დათბობის შეზღუდვის ვალდებულება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ახლახან განახლებული დოკუმენტის საშუალებით. დოკუმენტი ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისათვის. ამ განახლებული დოკუმენტის ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის სათბური აირების 35%-ით შემცირების შესახებ, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.