თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო, თუმცა ზოგიერთი წესი კვლავ ძალაში რჩება, მაგალითად, პირბადის ტარება, ღამით გარკვეულ საათებში გადაადგილების აკრძალვა და სხვ.
ქორწინების რეგისტრაციისთვის წყვილმა ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე my.gov.ge.
შერჩეულ ფილიალში მათ ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს.
ქორწინების მსურველებმა და თანმხლებმა პირებმა, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს, სარეგისტრაციო სივრცეში უნდა დაიცვან გარკვეული წესები – შენობაში გამოცხადდნენ ნიღბებით და დაიცვან სოციალური დისტანცია.
არსებული ინფორმაციით, ქორწინების სივრცეები უკვე გაიხსნა თელავსა და გურჯაანშიც.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია გასული წლის 11 სექტემბრიდან იყო შეჩერებული.