ნინოწმინდის პანსიონში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ

© Sputnik / STRINGERნინოწმინდის პანსიონი
ნინოწმინდის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
Yandex newsTelegram
ნინოწმინდის პანსიონიდან ამ დროისათვის უკვე 25 ბავშვია გაყვანილი, ხოლო ადგილზე დარჩენილ 28 არასრულწლოვნის მდგომარეობაზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების – „ვორლდ ვიჟენის“ და გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

შეხვედრის მონაწილეები პანსიონში არსებულ ვითარებას და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„კარგი დისკუსია გვქონდა დღეს პერსონალთან და სოციალურ მუშაკებთან, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
კობახიძე: საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ

მან აქვე ისიც განმარტა, რომ „იუნისეფი“ ნინოწმინდის პანსიონში არ აწარმოებს მონიტორინგს ან გამოძიებას.

„ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნის ხელისუფლებას, ვინც ამას აკეთებს. თუმცა დღეს მოვედით ჯანდაცვის სამინისტროსთან, საპატრიარქოსთან და „ვორლდ ვიჟენთან“ ერთად და ვესაუბრეთ ბავშვებს. ვითამაშეთ ფეხბურთიც მათთან ერთად. „იუნისეფი“ მიესალმება თანამშრომლობას ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, „იუნისეფსა“ და „ვორლდ ვიჟენს“ შორის. მხარს ვუჭერთ ბავშვების ოჯახებში ცხოვრებას“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება – იცხოვროს ოჯახში. ამისთვის კი საჭიროა დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ეს კი უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის საქმის ინდივიდუალურად განხილვის საფუძველზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების ოჯახებში გადაყვანა არ არის მარტივი პროცესი, და აუცილებელია, რომ ის იყოს კარგად დაგეგმილი.

„ჩვენ გვერდით დგანან საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ როგორც აქ, ასევე გადაყვანის პროცესზე. ოჯახში გადაყვანის პროცესი ბავშვებისთვის უნდა იყოს უმტკივნეულო. საუკეთესო გამოსავალი ინდივიდუალური მიდგომაა“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ბავშვთა სახლი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გაჰყავთ

პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანა განხორციელდა 5 ივნისს სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი განჩინების შესაბამისად. განჩინების თანახმად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყონებლივ და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უნდა მოხდეს ყველა შშმ ბავშვის გაყვანა. ამ საკითხში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე, თანმიმდევრულად განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 7 შშმ ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანა მყისიერად განახორციელა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისათვის პანსიონიდან გაყვანილია 25 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 28 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24-საათიან რეჟიმში ნინოწმინდის პანსიონში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ, აცხადებენ სამინისტროში.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, პანსიონის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს არ მიეცათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გარდა ამისა, ისინი არ გამორიცხავენ ბავშვების გამოყენებას ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათვის.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ივნისს დაიწყო. უკვე გამოიკითხა რამდენიმე არასრულწლოვანი. შსს აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსულის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).

მანამდე, 2016 წლიდან ამ პანსიონთან დაკავშირებით შსს-ში აღძრულია ოთხი სისხლის სამართლის საქმე, რომელთა გამოძიება დღემდე გრძელდება.

0