თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საქართველოში ე.წ. მაუგლის მეთოდთან დაკავშირებული უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს Facebook-გვერდზე.
შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც აღნიშულ მეთოდს იყენებდა არასრულწლოვან პაციენტებთან, ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი სასერტიფიკაციო მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში - არც პედიატრიაში, არც ნეონატოლოგიაში, არც ფიზიკურ მედიცინაში, არც რეაბილიტაციაში, არც კურორტოლოგიაში.
შესაბამისად, დაირღვა როგორც „საექიმო საქმიანობის შესახებ“, ასევე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩაბარდა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს განესაზღვრა სანქცია 1000 ლარის ოდენობით.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პედიატრიული და ბიოეთიკის ასოციაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „მაუგლის მეთოდი“ არ არის დანერგილი სამკურნალო ან გამაჯანსაღებელ პრაქტიკაში. ამასთანავე, აღნიშნულ მეთოდს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირი იყენებდა.
სააგენტოში ასევე აღნიშნეს, რომ სამართალდამრღვევი არ აწარმოებდა სამედიცინო დოკუმენტაციას, რითიც ვერ დგინდება პაციენტებში კონკრეტული დაავადებების არსებობა და გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა.
„სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პირის მიერ მიწოდებული სერვისის კლინიკური შეფასება. იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა არსებული სერვისის სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ბავშვებთან მსგავსი ტიპის ჩარევების გამოყენების დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მაუგლის“ მისი მიმდევრები ცხოვრების საწყისი პერიოდის ბავშვების განვითარების მეთოდიკას უწოდებენ. მათი თქმით, პროგრამა „მაუგლის“ მთავარი ამოცანა მდგომარეობს ბავშვების ჯანმრთელობის გაძლიერებაში, მათ შემდგომ სოციალიზაციაში და ფიზიკური დატვირთვების შეგუებაში. პატარებს აჯანჯღარებენ, აგდებენ მაღლა და ა.შ. პედიატრები და სერტიფიცირებული ექიმები აღნიშნულ მეთოდს არ აღიარებენ და ბავშვების მიმართ ძალადობას უწოდებენ.
რეგულირების სააგენტომ „მაუგლის მეთოდით“ ბავშვების მკურნალობის საკითხის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ აღნიშნული მეთოდით მკურნალობა წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს.
ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მეთოდის შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი.
„ის კადრები, რაც ინტერნეტ-სივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბავშვის ჰაერში აგდება ერთი შეხედვით უვნებელ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ თავის ტვინსა და თავის ქალის ძვლებს შორის ძალიან მცირე სივრცეა და ჯანჯღარის შედეგად თავის ტვინი უხეშად ეხება ძვლებს და შეიძლება დაზიანდეს. ამან ტვინში სისხლის ჩაქცევა, მისი შეშუპება და პაციენტის სიკვდილიც (შემთხვევების 13-23%) კი შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, მალის მოტეხილობა, სისხლის ჩაქცევა თვალის ბადურაში, რამაც მხედველობის დაქვეითება ან მისი დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს.